12 ივლისი, 2018
„ახალი სასწავლო წლიდან იმ სკოლებში, სადაც მანდატური არ გვყავს, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები გვეყოლება“ - ლია გიგაური
„ახალი სასწავლო წლიდან იმ სკოლებში, სადაც არ გვყავდა მანდატური, ჩვენ განვსაზღვრეთ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელთა გადამზადებაც უკვე დავიწყეთ“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ლია გიგაურმა Etaloni.ge-ს განუცხადა.
მისივე თქმით, გადამზადების პირველ ეტაპზე ტრენინგები გაიარეს კახეთისა და ქართლის რეგიონისა და ასევე თბილისის წარმომადგენლებმა:
„პირველ ეტაპზე გადამზადდნენ კახეთისა და ქართლის რეგიონისა და თბილისის წარმომადგენლები. ტრენინგები გაგრძელდება და მთელ საქართველოს მოიცავს. ყველა სკოლაში, მათ შორის, მცირეკონტინგენტიანებში, სადაც მანდატური არ გვყავს და მანდატურის შეყვანის საჭიროება არ არის, გვეყოლება ერთი მომზადებული პირი, რომელმაც იცის კარგად, როგორ უნდა მოახდინოს პირველადი გამოწვევების იდენტიფიკაცია, რომელსაც შეეძლება ადრეული ინტერვენცია და მოსწავლეების ჩართვა პროგრამებში. ამასთან, შეტყობინების მექანიზმებს ფლობს სრულად იმისათვის, რომ დროულად მოხდეს კრიზისული ინტერვენციის ჯგუფის ჩასვლა ან ფსიქოლოგთან რეფერალი ან სხვადასხვა პროგრამის წამოწყება იქ, სადაც გვაქვს ბულინგისა და ძალადობის მაღალი რისკები,“ - აღნიშნა ლია გიგაურმა.