13 ივლისი, 2018
„მინდა ყველას გთხოვოთ, ხელაღებით ნუ იტყვით, რომ სკოლა არ მუშაობს“
განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის სახელმძღვანელოების სიმძიმე პირველკლასელი მოსწავლეების შემთხვევაში და თანამედროვე მსოფლიო სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობა ქართულ სკოლებში:
„მოხდა განახლება სასწავლო გეგმების და ახალი სახელმძღვანელოები შევა სექტემბრიდან სკოლებში. ვიცი, რომ ახალი სასწავლო გეგმების მიხედვით პედაგოგების გადამზადება მიმდინარეობს. ასევე, სახელმძღვანელოების წონის პრობლემა იყო. რომელიმე სპორტის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყავი, რომ პირველკლასელის ჩანთის ტარება შეგძლებოდა. როგორც ვიცი, ამ კუთხით გარკვეული პრობლემები გადაწყვეტილია, თუმცა ამას განვითარება სჭირდება. სკოლების სახელმძღვანელოების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. ვფიქრობთ, რომ ხელმისაწვდომი უნდა გახდეს როგორც ქართველი ავტორების ნამუშევრები, ასევე ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რომ მსოფლიოში არსებული სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომი იყოს ყველა ბავშვისთვის. ყველაზე თანამედროვე გამოცემები, რომელიც არის ევროპისა და ამერიკის განვითარებული ქვეყნების სკოლებში, რატომ არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი?“- აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.
მინისტრობის კანდიდატი ასევე თხოვნით მიმართავს ყველას, ხელაღებით ნუ იტყვიან, რომ სკოლა არ მუშაობს. მისი თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი კარგი სკოლაა და ერთიანად საუბარი იმაზე, რომ სკოლებში საშინელი მდგომარეობაა, არაადეკვატურია.
„მინდა გთხოვოთ, შეიძლება არსებობდეს ამ მიმართულებით რაღაც გასაუმჯობესებელი, თუმცა ასე ხელაღებით საუბარი იმაზე, რომ სკოლა არ მუშაობს, ეს შეიძლება კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანი იყოს. არის ბევრი სკოლა, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს,“ - დასძინა მიხეილ ბატიაშვილმა.