18 ივლისი, 2018
განათლების ახალ მინისტრს 7 მოადგილე ეყოლება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეების ვინაობა ცნობილია.
როგორც უწყების ოფიციალურ საიტზეა აღნიშნული, მიხეილ ბატიაშვილს 7 მოადგილე
ეყოლება. მინისტრის პირველი მოადგილე კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე იქნება. განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის მოადგილეებიდან თანამდებობას ინარჩუნებენ ლია გიგაური, თეიმურაზ მურღულია, ალექსანდრე თევზაძე. რაც შეეხება ქეთევან ნატრიაშვილს, რომელიც მინისტრის პირველი მოადგილე და სამინისტროში პროფესიული განათლების მიმართულების ხელმძღვანელი იყო, მინისტრის ახალი მოადგილეების ჩამონათვალში აღარაა.
ზოგადი განათლების მიმართულებით მინისტრის მოადგილე გახდება ირინა აბულაძე, რომელიც მანამდე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტს ხელმძღვანელობდა. ამასთან, კიდევ ერთი მოადგილე მიხეილ ბატიაშვილს კულტურის სამინისტროდან ეყოლება - ლევან ხარატიშვილი. სპორტის მიმართულების კუთხით მოადგილის პოსტს კი შალვა გოგოლაძე დაიკავებს.