20 ივლისი, 2018
„არ გვინდა, რომ აბიტურიენტებს ცრუ მოლოდინი შევუქმნათ“ - სოფო დოლიძე ზოგადი უნარების შედეგების გამოქვეყნებაზე საუბრობს
ზოგადი უნარების გამოცდა აბიტურენტებმა პირველ გამოცდად ჩააბარეს. სოციალურ ქსელში არ წყდება კითხვები, იმასთან დაკავშირებით, თუ როდის გამოქვეყნდება გამოცდის შედეგები და რომელი ვარიანტი გამოცხადდა ყველაზე რთულად. ამ და აბიტურიენტებისთვის საინტერესი სხვა საკითხებზე Etaloni.ge შეფასებისა და გამოცდების ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელს, სოფო დოლიძეს ესაუბრა.
- ქალბატონო სოფო, დაიწყო თუ არა, აბიტურიენტთა ნამუშევრების გასწორება? რა პროცესია ახლა?
- ჯერჯერობით დასკანერების პროცესი მიმდინარეობს, ანუ პასუხების ფურცლების ელექტრონულ სურათებად გადაქცევა, ამას კიდევ რამდენიმე ეტაპი მოსდევს. ნაშრომების გასწორება კი ყველაზე ბოლო ეტაპია. ეს პროცესი ნიშნავს, რომ სწორ პასუხებს მივუსადაგებთ უკვე იმ აღნიშვნებს, რომლებიც აბიტურიენტებმა გააკეთეს. ჯერ ეს არ დაწყებულა.
- რაც შეეხება დასკანერებას, რომელი ვარიანტებია დასკანერებული?
- ამ ეტაპზე 1-ლი და მე-2 ვარიანტები თითქმის სრულადაა დასკანერებული.
- უნარების გამოცდა რადგან მხოლოდ მანქანით სწორდება, რატომ სჭირდება ასეთი დიდი დრო?
- მიუხედავად იმისა, რომ მანქანით სწორდება, როგორც მოგახსენეთ, რამდენი ეტაპისგან შედგება ეს პროცესი. თქვენ იცით, რომ უნარების გამოცდის გარდა, პარალელურად სხვა გამოცდები ტარდება, და რაც მთავარია, ამ გამოცდებს ასწორებს ადამინათა კომისია. მათ რომ ჰქონდეთ სამუშაო, ამისთვის საჭიროა, სხვა გამოცდების ვერსიები დასკანერდეს. თუ ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ, მარტო უნარების შედეგები გვექნება და დანარჩენი საგნების გამოცდის პასუხები ძალიან გადაიწევს. ამიტომ პერიოდულად სხვადასხვა საგნის ტესტებს ვასკანერებთ.
- აბიტურიენტთა შეფასებით, ზოგადი უნარების მე-3 და მე-4 ვარიანტი უფრო რთული იყო, ვიდრე დანარჩენი ორი. შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით რაიმე კომენტარი რომ გააკეთოთ?
- სანამ გასწორებული არ გვქნება ყველა ვარიანტი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიმსჯელებთ სირთულეზე. ერთადერთი, რის საფუძლველზეც სირთულე დგინდება, არის ის, თუ როგორ იმუშავეს აბიტურიენტებმა. სანამ თითოეულ დავალებაზე არ გვეცოდინება, რამდენი აბიტურიენტი ასრულებს სწორად და რამდენი მცდარად, საერთო ჯამში როგორია ბალანსი თითოეულ ვერსიაში, მანამდე, ცხადია, სირთულზე ვერაფერს ვერ ვიტყვით. სტატისტიკური ანალიზის შემდეგ გაირკვევა ეს ყველაფერი. სტატისტიკური ანალიზი კი გვეცოდინება, მას შემდეგ, რაც ქულები გახდება ცნობილი.
- შარშან ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები 27 ივლისს გამოქვეყნდა. წელსაც ამ დროს იქნება საბოლოო ქულები?
- ჯერ გამოქვეყნებაზე საუბარი ძალიან ადრეა. ვერ ვამბობთ ვერაფერს, არ გვინდა, რომ აბიტურიენტებს ცრუ მოლოდინი შევუქმნათ, ისედაც ძალიან დაძაბულად ელოდებიან. კონკრეტული თარიღი, რომ ვთქვათ და მერე ვერ მოესწროს, ეს ძალიან ცუდი იქნება.