„ორი რადიკალურად განსხვავებული რამ დაფიქსირდა უცხოური ენების გამოცდაზე“ - რუსუდან ტყემალაძე
უცხოური ენების გამოცდის შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს გამოქვეყნა. რაც შეეხება სტატისტიკურ ანალიზს, აპელაციების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.
როგორც გამოცდების ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა, რუსუდან ტყემალაძემ
Etaloni.ge-ს განუცხადა, შარშანდელთან შედარებით უცხოურ ენებში გაზრდილია იმ აბიტურიენტების რაოდენობა, ვინც ძალიან კარგად არის მომზადებული. მაგრამ ამავე დროს, წინა წლებთან შედარებით, ოდნავ მომატებულია ჩაჭრილთა რაოდენობა. მისივე თქმით, პირველადი მონაცემებით, ჩაჭრილთა რაოდენობა 6%-ია.
რომელი დავალების შესრულება უჭირთ აბიტურიენტებს და რა ტენდენციები გამოიკვეთა წლევანდელ გამოცდებზე, ამის შესახებ უცხოური ენების საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე გვესაუბრა:– ქალბატონო რუსუდან, პირველადი შედეგებით, რომელ დავალებას ართმევენ აბიტურიენტები თავს ყველაზე უკეთ და რომელია მათი სუსტი წერტილი?
– ამას სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს ზუსტად, თუ რომელი დავალება იყო რთული და რომელი - მარტივი. ჯერ მხოლოდ პირველადი შედეგები გვაქვს. ერთი შემიძლია ვთქვა ცალსახად, რომ აბიტურიენტებს ტრადიციულად უჭირთ წერითი დავალება. ეს თვალსაჩინოა და ყოველთვის ასეა. დანარჩენი დავალებები უმეტესწილად დახურულია და მას სკანერი ასწორებს, გამსწორებელთან არ მიდის.
– სტატისტიკური ანალიზი როდის იქნება ცნობილი?
– დაახლოებთ ორ კვირაში. აპელაციები რომ დასრულდება, შემდეგ გვექნება სტატისტიკური ანალიზი.
– დაიწერა თუ არა მაქსიმალური ქულა?
– 109-მა აბიტურიენტმა მიიღო მაქსიმალური ქულა - 90. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა, ბუნებრივია, ინგლისურში იქნება, რადგან აბიტურიენტთა 85% ინგლისურს აბარებს. თუმცა ესეც სტატისტიკური ანალიზის შემდეგ გვეცოდინება ზუსტად.
– იყო თუ არა თემების „განულების“ შემთხვევა?
– ასეთი რამდენიმე შემთხვევა გვქონდა. იყო შემთხვევები, როდესაც ნაშრომი თემას საერთოდ არ პასუხობდა, სულ სხვა რამ ეწერა აბიტურიენტს, სავარაუდოდ, დაზეპირებული ჰქონდა რაიმე ტექსტი და ის ეწერა. ასევე გვქონდა ერთი-ორი შემთხვევა, როდესაც წერილში სახელი და გვარი ეწერა აბიტურიენტს. აპლიკანტებს ძალიან მკაცრი მითითება აქვთ და ტესტშიც წერია, რომ არ უნდა მიუთითონ სახელი და გვარი, რადგან ეს მინიშნებად ჩაითვლება.
– ჩაჭრილთა რაოდენობაზე თუ არის ინფორმაცია?
– პირველადი მონაცემებით, დახლოებით 6%-ია ჩაჭრილი. ზუსტი მონაცემები ასევე სტატისტიკური ანალიზისა და სკალირების გამოცხადების შემდეგ იქნება ცნობილი. შეიძლება, ვინც ჩაჭრილად ითვლება, თუ ისე მოხდა, რომ უფრო რთული ტესტი დაწერა, 1 ქულა მოემატოს, სკალირება აჩვენებს ამას.
– შეიცვალა თუ არა წინა წლებთან შედარებით აბიტურიენტთა მომზადების დონე?
– რაც შემიძლია ვთქვა, ესეც ზოგადი მონაცემებით, გაზრდილია იმ აბიტურიენტების რაოდენობა, ვინც ძალიან კარგად არის მომზადებული, მაგრამ ამავე დროს, შარშანდელთან შედარებით, ოდნავ მომატებულია ჩაჭრილთა რაოდენობა. შარშან, როგორც მახსოვს, 5%-მდე იყო ჩაჭრილი. წელს კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, 6%-ია. ეს ორი რადიკალური რამ ხდება უცხო ენების გამოცდაზე.
– მომავალი წლისთვის უცხოურ ენებში იგეგმება რაიმე სიახლე?
– ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით, ძალიან შორს ვართ მომავალ წლამდე.