23 აგვისტო, 2018
სავალდებულოა თუ არა აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სკოლებსა და ბაღებში
მას შემდეგ, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან სავალდებულო აცრებზე ისაუბრა, კითხვა-სკოლებსა და ბაღებში ვაქცინაციის გარეშე მოსწავლეთა და აღსაზრდელთა მიღება შესაძლებელი იქნება თუ არა, აქტუალური გახდა. როგორც Etaloni.ge-ს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა, ბაღებში აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ იქნება:
„ჩვენ ვმოქმედებთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად და ყველა მშობელს ვაწვდით ინფორმაციას, რომ ბავშვებს აცრა ჩაუტარონ. ამასთანავე, რეგისტრაცის დროს, მშობლებს ჯანმრთელობის ცნობის წარდგენას ვთხოვთ, სადაც ასახულია აცრების ისტორია. თუმცა ჩვენს ბაღებში აცრების ჩატარება სავალდებულო არ არის,“-განმარტა გვანცელაძემ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით კი ბავშვების მშობლებს მხოლოდ რეკომენდაცია ეძლევათ დროულად უზრუნველყონ შვილებისთვის აცრების ჩატარება:
„წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის № 41 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აღნიშნული პროცესისათვის ხელშეწყობის მიზნით, დაევალა ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოვლენა და ინფორმაციის მიწოდება სჯდ ცენტრებისათვის;
აღნიშნული ხორციელდება სკოლის ექიმების მიერ ყველა კლასში. აუცრელი ბავშვების მშობლებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროულად უზრუნველყონ შვილებისთვის აცრების ჩატარება.
მოსწავლის სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალში არ არის გეგმიური აცრების ჩატარების თაობაზე გაცემული ცნობა“, - აღნიშნავენ სამინისტროში.
ცნობისთვის, საქართველოში წითელას ვაქცინაცია 40 წლამდე ასაკის მოქალაქეთათვის უფასოა, 40 წელს ზემოთ პირს კი ვაქცინაციის გაკეთება უფასოდ მაშინ შეუძლია, თუ მას წითელათი დაავადებულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.