24 აგვისტო, 2018
„ანგელა მერკელის ვიზიტი გზას გაუხსნის ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას როგორც გერმანიასთან, ისე მთლიანად ევროკავშირთან“ - მიხეილ ბატიაშვილი
„ქალბატონი ანგელა მერკელის ვიზიტი კიდევ უფრო წინ წასწევს ორმხრივ ურთიერთობებს, გზას გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის, ადამიანური რესურსის, ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას როგორც გერმანიასთან, ისე მთლიანად ევროკავშირთან“,- ასე აფასებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს.
მინისტრის თქმით, ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა ისტორიულ მოვლენაა.
„ჩემთვის განსაკუთრებით ფასეულია ის ურთიერთობები, რაც კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებში ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბდა და კვლავაც გრძელდება. თანამშრომლობის ამ პროცესში ისტორიულ მოვლენად მივიჩნევთ წელს მსოფლიო ინტელქტუალური ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე - ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას“,- აღნიშნავს მიხეილ ბატიაშვილი.