მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
რა უნდა იცოდეს პირველკლასელმა სკოლაში მისვლამდე, ეს საკითხი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აქტუალურია. მშობლების უმეტესობა დღეს ბავშვს სკოლაში მისვლამდე ასწავლის წერა-კითხვას, ანგარიშს და ზოგ შემთხვევაში უცხო ენასაც კი. თუმცა ბევრი მათგანი არ ფიქრობს კარგია თუ არა ეს ქმედება ბავშვებისთვის და როგორ აისახება შემდგომში მათ სასწავლო პროცესზე. გავიგოთ რას ურჩევენ მშობლებს მასწავლებლები და ფსიქოლოგები.
ბელა გობეჯიშვილი პედაგოგი:
,,მიზანშეწონილად არ მიმაჩნია სკოლამდელი ასაკის ბავშვმა იცოდეს წერა-კითხვა, რადგან ასეთი ბავშვები სწავლისადმი ინტერესს კარგავენ. ბავშვი საბავშვო ბაღში ისედაც იღებს იმ განათლებას,რომელიც სკოლაში მისვლისთვის სჭირდება,ამიტომ ვფიქრობ მშობელმა წინასწარ არ უნდა ასწავლოს სასწავლო პროგრამა ბავშვს ,რადგან მოსწავლეები არათანაბარ პირობებში არ აღმოჩნდნენ. მოსწავლეები, რომლებიც წინასწარ ფლობენ საპროგრამო მასალას, გაკვეთილზე აღარ უსმენენ პედაგოგს და არ იციან რითი გაიყვანონ დრო, ეს ყველაფერი კი საგაკვეთილო პროცესის ჯანსაღად წარმართვისთვის ხელისშემშლელია.’’
ფსიქოთერაპევტი სალომე საბიაშვილი :
,,ფსიქოლოგების და მასწავლებლების დიდი ნაწილი ვთანხმდებით, რომ უმჯობესია სასკოლო პროგრამა ბავშვმა წინასწარ არ იცოდეს, რადგან ხშირად ეს სწავლის პროცესისთვისაა ხელისშემშლელი. ასეთი ბავშვები ხშირად სწავლისადმი კარგავენ ინტერესს.
ბავშვი თუ გამოხატავს სურვილს წეროს, ასოები შეისწავლოს, უცხო სიტყვები დაისწავლოს, ხელი ნამდვილად არ უნდა შევუშალოთ.
სასწავლო პროგრამის წინასწარ ცოდნა არ არის აუცილებელი, თუმცაღა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალ სკოლის მოსწავლეს გარკვეული ცოდნა და უნარები არ სჭირდება. რა თქმა უნდა, სჭირდება!
უმჯობესია მშობლებმა ბავშვის განვითარებაზე იზრუნონ და არა მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების დროზე ადრე გაუმჯობესებაზე. ბავშვის განვითარებაში ვგულისხმობ მის ფიზიკურ, სოციალურ, ემოციურ, შემეცნებით, მეტყველებისა და ენის განვითარებას.
რაც შეეხება დადებით და უარყოფით მხარეებს- დადებითი მხარეებიდან შეგვიძლია გამოვყოთ ბავშვის თავდაჯერებულობა, რომელიც წინასწარი ცოდნითაა გამოწვეული. სასწავლო პროცესის დასაწყისში უფრო ლაღია და აქტიური.
უარყოფითი მხარეები კი ბევრად მეტია: სწავლის დაწყებიდან მალევე ბავშვი ხვდება რომ ახსნილი მასალიდან მისთვის ახალი არაფერია, შედეგად სასწავლო პროცესისადმი ინტერესი ეკარგება, აღარ არის ისეთი მოტივირებული და მონდომებული, - ზარმაცდება! ასეთი ბავშვისთვის სკოლა რაღაც ახალისა და საინტერესოს შეცნობის წყარო ნაკლებად ხდება.
სკოლამდე აუცილებელია ბავშვის ბაღში მიყვანა. პირველი მიკროსოციუმი, რომელსაც ბავშვი ოჯახის მერე ხვდება, ბაღი უნდა იყოს. აქ სწავლობს ის იმ სოციალურ უნარ-ჩვევებს, რაც შემდგომ უკვე სკოლაში და ზოგადად ცხოვრებაში გამოადგება. ბაღია ადგილი,სადაც თქვენი პატარები თამაშ-თამაშით (ასაკიდან გამომდინარე) გადადგამენ პირველ ნაბიჯებს დამოუკიდებლობისკენ, გაიუმჯობესებენ კომუნიკაციის უნარებს, თვითმომსახურების სფეროს დახვეწენ, განივითარებენ ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს. საბავშვო ბაღი აღსაზრდელს სკოლაში წასვლისთვის ამზადებს!
თქვენი, როგორც მშობლის როლიც, არანაკლებ მნიშვნელოვანია. კარგი იქნება თუ თქვენ შვილს უბრალოდ ასოების და ციფრების ცნობას ასწავლით. აგრეთვე ვასწავლოთ ფიგურების და ფერების გარჩევა. ასევე წაუკითხეთ რაც შეიძლება ბევრი ზღაპარი, გასართობი, შემეცნებითი (ასაკობრივი) ლიტერატურა, საბავშვო ჟურნალები; ესაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე მისთვის გასაგებ ენაზე და სთხოვეთ მოკლედ გადმოსცეს მოსმენილი. რაც ნაკლები ეცოდინება სასკოლო პროგრამის შესახებ თქვენს შვილს, მით მეტი ინტერესი ექნება მას სკოლისადმი. შედეგად, მასალას უკეთ აითვისებს და პროგრამასაც მალე დაძლევს.
მომავალ სკოლის მოსწავლეს განსაზღვრული ცოდნა და უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს.
აუცილებელია:
· ბავშვმა იცოდეს მეტყველება. ეს უნარი მნიშვნელოვანია აზრის სრულყოფილად გადმოსაცემად;
· ცნობდეს და ერთმანეთისგან განასხვავებდეს საგნებს, ფიგურებს;
· შეეძლოს ცალკეული ნიშნების (ფერის, ზომის, ფორმის) მიხედვით ფიგურების დაჯგუფება; ელემენტარული მათემატიკური ცნებების (დიდი, პატარა, ტოლი, გაზრდა, შემცირება) ადექვატური გამოყენება;
· ორიენტირდებოდეს სივრცესა და დროში. ფლობდეს რა სიტყვების: ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ, გუშინ, დღეს, ხვალ, - სწორად, კონტექსტის შესაბამისად გამოყენების უნარს;
· ასრულებდეს მარტივ ინსტრუქციებს;
· გამომუშავებული ჰქონდეს მოსმენის უნარი;
· მარტივად ამყარებდეს კომუნიკაციას თანატოლებთან და უფროსებთან.
და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანია, პატარამ იცოდეს, რომ მის ნიშნებს არანაირი კავშირი არ აქვს მშობლების სიყვარულთან! ამის ცოდნა მას თავდაჯერებას შემატებს და ბევრად მარტივად გაუმკლავდება ყველა იმ შესაძლო სირთულეს, რაც სკოლაში შეიძლება შეხვდეს.’’
ფსიქოლოგი ნინო თოფურია:
,,სკოლისადმი მზაობა მოიაზრებს იმას, რომ ბავშვისთვის უკვე ნაცნობი უნდა იყოს გარკვეული „წესების სამყარო“, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა (რასაც სხვებთან თამაშით სწავლობს), კონცენტრაციის უნარი, დამოუკიდებლობა. ამ ყველაფერს კი ერთბაშად, სკოლაში მისვლის წინა დღეს ვერ განვავითარებთ ბავშვში, ამას სჭირდება დრო და მოთმინება. ასევე დავამატებდი, რომ 6-7 წლამდე ბავშვებს უნდა მივცეთ უფლება იყვნენ ბავშვები, იცელქონ, ზოგჯერ მცირედითაც დაარღვიონ მკაცრად დაწესებული საზღვრები. სკოლამდე ბავშვმა უნდა გაიაროს ბაღის ეტაპი, რაც მე ძალიან მნიშვნელოვნად და საჭიროდ მიმაჩნია, ვინაიდან ბაღში კომბინირებულია სწავლა და თამაში, ანუ ბავშვს ნელ-ნელა ვაჩვევთ ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლას, რათა ზედმეტად დიდმა ნახტომმა მისი ტრავმირება და ზედმეტი სტრესი არ გამოიწვიოს. სიყვარულითა და ემოციური მხარდაჭერით აღსავსე გარემო ბავშვისთვის არის ის მთავარი საყრდენი, რომელიც ხელს უწყობს შემდგომში მის პიროვნებად ჩამოყალიბებას.’’
ფსიქოლოგებისა და მასწავლებლების დიდი ნაწილი გვირჩევს, რომ თუ ბავშვი თვითონ გამოიჩენს წერა-კითხვის შესწავლის ინიციატივას , დავრთოთ ნება , მაგრამ არავითარ შემთხვევაში მშობელმა არ უნდა დააძალოს. მათი თქმით,უმჯობესია ბავშვმა სასკოლო პროგრამა წინასწარ არ იცოდეს,რადგან სკოლისადმი ინტერესი არ დაკარგოს.